გიორგი თევზაძე

გიორგი თევზაძე

 გიორგი არტემის ძე თევზაძე დაიბადა 1914 წლის 5 ივლისს ამბროლაურის რაიონის სოფელ  ახალსოფელში .

1933-34 წლებში დაამთავრა ქ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.

1936-37 წლებში მუშაობდა ცნობილ პროფესორთან, მიხეილ თევდორეს ძე სუბოტინთან ასპირანტად ლენინგრადში.

1937-40 წლებში მუშაობდა ასპირანტად პულკოვოს ობსერვატორიაში, ლენინგრადში, სახელმოხვეჭილ პროფესორ ნიკოლოზ ვასილის ძე ციმერმანის ხელმძღვანელობით.

1941 წელს გაზაფხულზე ლენინგრადის უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებაში კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე: „Определение широты и долготы Абастуманской обсерватории на горе Канобили из наблюдений, произведённых в 1939 г“.

1940-44 წლებში ძირითადად მუშაობდა აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში უფროს მეცნიერ თანამშრომლობლად.

1942-45 წლებში შეთავსებით მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც მარკშეიდერებს უკითხავდა ასტრონომიის თეორიულ კურსს. მისივე ხელმძღვანელობით ეს სტუდენტები ზაფხულობით აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში გადიოდნენ ასტრონომიულ პრაქტიკას.

 1945 წელს გიორგი თევზაძე გადმოდის საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ძირითად თანამშრომლად.

 1952 წლიდან გიორგი თევზაძე მუშაობს გეოდეზია-მარკშეიდერის და თეორიული მექანიკის კათედრებზე.

 1964 წელს გეოდეზია-მარკშეიდერის კათედრამ სრულიად შეწყვიტა პრაქტიკული ასტრონომიის სწავლება, რის გამოც გიორგი თევზაძე მთლიანად გადადის თეორიული მექანიკის კათედრაზე, სადაც სრული დატვირთვით განაგრძობს მუშაობას.

 გიორგი თევზაძემ აბასთუმნის 16 დუიმიან ტელესკოპით ასტრო-ფოტოგრაფიის გზით აღმოაჩინა მანამდე უცნობი, ორი ახალი კუდიანი ვარსკვლავი  „კომეტა“ . საქართველოს ვრცელი ისტორიის მაძილზე ეს აღმოჩენა წარმოადგენს პირველ ასტრონომიულ აღმოჩენას, რომელიც ქართველის მიერ იყო შესრულებული.

 პირველი კომეტა წოდებული „კომეტა 1942 თევზაძე 2“ აღმოჩენილ იქნა 1942 წლის 14 დეკემბერს.მეორე კომეტა წოდებული „კომეტა 1942 თევზაძე 1“ აღმოჩენილი იქნა 1942 წლის 26 დეკემბერს. ამ აღმოჩენის გამო გიორგი თევზაძე წყნარი ოკეანის ასტრონომიულმა კორპორაციამ (Astronomical Society of the Pacific) სან-ფრანცისკოში გამართულ ასტრონომთა ყრილობაზე დააჯილდოვა „ჟოზეფ დონოჰოეს“ მედლით და სამკერდე ნიშნით. ამ მედლით დაჯილდოების შესახებ ცნობა განთავსდა ჟურნალში: “Publications of the Astronomical Society of the Pacific, April 1943 N 323”.

 1962 წელს ლენინგრადის თეორიული ასტრონომიის ინსტიტუტის, ლენინგრადის უნივერსიტეტის და პულკოვოს ობსერვატორიის გაერთიანებულ სამეცნიერო საბჭოზე გიორგი თევზაძემ ბრწყინვალედ დაიცვა დისერტაცია მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე: „О неустойчивости кратных звёзд типа Трапеции“.

1965 წლიდან გიორგი თევზაძე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორია. დიდია მისი წვლილი ასტრონომიული კალენდრის „წელიწლეულის“ გამოცემაში. საყოველთაოდ აღიარებულია მისი სამეცნიერო კვლევები ციურ მექანიკაში.

1980 წელს გიორგი თევზაძეს მიენიჭა საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება. მის კალამს ეკუთვნის სამოცზე მეტი თვალსაჩინო სამეცნიერო ნაშრომი და მათ შორის ფუნდამენტალური სამეცნიერი მონოგრაფია „რუსთაველის კოსმოლოგია“, რომელიც გამომცემლობა „საბჭოთა საქართველომ“ პირველად გამოსცა 1979 წელს, ხოლო მეორედ შევსებული და დასრილებული სახით - 1984 წელს. ნაშრომში განხილულია ის ასტრალური მოვლენები, რომელთაც რუსთაველი უხვად იყენებს თავის პოეტურ თქმებში; დადგენილია გენიალური პოეტის კოსმოლოგიური წარმოდგენები.

 რუსთველოლოგიაში კვლევა ამ მიმართულებით ადრევე დაიწყო და ჯერ კიდევ ვახტანგ მეექვსის შრომაში (1712 წელი) არის მინიშნებები პოემის ასტრონომიულ თუ ასტროლოგიურ შეხედულებებზე.

 მას შემდეგ დღემდე, ბევრმა ჩვენმა და საზღვარგარეთელმა მეცნიერმა შეისწავლა და განიხილა რუსთაველის პოემა ამ თვალსაზრისით. ძალზე საყურადღებო გამოკვლევებიც გამოქვეყნდა, თუმცა მათ ავტორებს ხშირად ტექსტი არ ჰქონდათ გაგებული სწორად, ხშირად კი ასტრონომიულ მოვლენებს ვერ ხსნიდნენ ბოლომდე, რადგან არ ჰქონდათ ასტრონომიული ცოდნა.

 ცნობილი მეცნიერი და ასტრონომი, პროფესორი გიორგი თევზაძე ამ შემთხვევაში ბედნიერი გამონაკლისი აღმოჩნდა და ამიტომაც აქამდე საკამათო პრობლემებმა სათანადო ახსნა ჰპოვა.

 "ვეფხისტყაოსნის“ სათანადო ადგილების და სტროფების გაშიფრვით გიორგი თევზაძემ გამოიკვლია, რომ ასტრალური შინაარსის შემცველი ყოველი სტროფი თუ სტრიქონი ციურ მოვლენებზე დაკვირვებისა და მათი ჭეშმარიტი ცოდნის შედეგია, რუსთაველის ასტრალური წარმოდგენები, მისი შეხედულებანი მზის სისტემაზე გაცილებით სწორი და პროგრესული იყო, ვიდრე მაშინ გაბატონებული აზრები.

 აღმოჩნდა, რომ იმდროინდელი კაცობრიობის მიერ საყოველთაოდ მიღებული პტოლემეოსის გეოცენტრული სისტემა „ვეფხისტყაოსანში“ უარყოფილია და მის ნაცვლად მოცემულია სამყაროს აგებულების ახალი მოდელი, რომელიც მეცნიერთა მიერ მხოლოდ მეთექვსმეტე საუკუნეში იქნა შემუშავებული.

 სამეცნიერი მონოგრაფიამ „რუსთაველის კოსმოლოგია“ დიდი გამოხმაურება ჰპოვა. გამოქვეყნდა მრავალი წერილი:

1. პროფესორი პ. რატიანი - „მსოფლიო მეცნიერების დიდ გზაზე“ (გაზ. „კომუნისტი“ 4 მაისი 1979 წელი)

2. ფილ. მეც. დოქტ. მ. მამაცაშვილი - „რუსთაველის კოსმოლოგია“ (ჟურნ. „ცისკარი“ N6 1979 წელი)

3. აკად. აკაკი შანიძე - „ასტრალური მოვლენები ვეფხისტყაოსანში“ (ჟურნ. „მნათობი“ N6 1979 წელი)

4. პროფესორი ვ. კობახიძე და დოც. ა. ფურცხვანიძე - „რუსთაველის კოსმოლოგია“ (გაზ. „ლიტერატურული საქართველო“ 28 ივლისი, 1978 წელი)

5. მწერალი გურამ ფანჯიკიძე - „ახალი სიტყვა რუსთველოლოგიაში“ (ჟურნ. „მნათობი“ N9 1979 წელი)

6. დოც. თ. ეფრემიძე - „საყურადღებო ნაშრომი“ (ჟურნ. „განთიადი“ N1 1980 წელი)

7. ფილ. მეცნ. დოქტ. ა. გაწერელია - „საყურადღებო წიგნზე მეცნიერებათა აზრი“ (გაზ. „სახალხო განათლება“ 20 მაისი 1988 წელი)

8. აკად. ვიქტორ ამბარცუმიანი - „საყურადღებო წიგნზე მეცნიერთა აზრი“ (გაზ. „სახალხო განათლება“ 20 მაისი, 1988 წელი)

და სხვა მრავალი რეცენზიები და წერილები.

1985 წელს სამეცნიერო მონოგრაფია „რუსთაველის კოსმოლოგია“ წარდგენილი იყო საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემიის მოსაპოვებლად.

პროფესორი გიორგი თევზაძე ცნობილია როგორც მრავალმხრივი და უაღრესად ფართო დიაპაზონის მკვლევარი. დიდია მისი დამსახურება  უმაღლეს სასწავლებლებში ასტრონომიისა და თეორიული მექანიკის სწავლების დარგში. საქართველოს პოლიტექნიკური ინსიტუტის გარდა  გიორგი თევზაძე ლექციების კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში. შეთავსებით იყო საბავშვო და ახალგაზრდული გამომცემლობის დირექტორის მოადგილე, მეცნიერულ-პოპულარული განყოფილების უფროსი, პოლიტექნიკური ინსტიტუტის გამომცემლობის დირექტორი.

 გიორგი თევზაძე სამეცნიერო-კვლევით და პედაგოგიურ მუშაობასთან ერთად ეწეოდა ფართო საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო საქმიანობას, ის მრავალი საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და სამეცნიერო საბჭოს წევრი იყო. მათ შორის რუსთაველის საზოგადოების გამგეობის წევრიც.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html